სასამართლოს რეგლამენტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი

 

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით მოწე-სრიგებული საკითხები

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი) “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (შემდგომში - საკონსტიტუციო სასამართლო) ორგანიზაციის, საქმეთა განსახილველად მომზადების, განხილვის, გადაწყვეტისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა საკითხებს.

2. რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრისა (შემდგომში - მოსამართლე) და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის ყველა მოსამსახურისათვის.

 

თავი II
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი.

მუხლი 2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისათვის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვით, იმართება საკონსტიტუციო სასამართლოს დახურული სხდომა.(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის 102/1 დადგენილებით.)

2. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე (იმ შემთხვევაში, როდესაც არჩეულია სასამართლოს თავმჯდომარის ორივე მოადგილე), საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე) ან უხუცესი მოსამართლე (იმ შემთხვევაში, როდესაც არ არიან არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები).

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურა წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე (თუ არჩეულია ორივე მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ერთ-ერთი მათგანი), უხუცესი მოსამართლე (თუ არჩეულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანა-მდებობის დასაკავებლად) ან უხუცესი მოსამართლის ასაკით მომდევნო მოსამართლე (თუ არ არის არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილია უხუცესი მოსამართლის კანდიდატურა).

4. სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე, რომელიც სთხოვს სასამართლოს წევრებს, წარადგინონ მათთვის სასურველი კანდიდატურები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ ცოტა, 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას. თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა ხდება ამ პუნქტით გათვალისწინებული პლენუმის სხდომაზე დასახელებით ან/და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურისათვის მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარებით.

5. თუ თავმჯდომარის ასარჩევად დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მოხდა სხდომის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, კანდიდატურების წარდგენის შემდეგ იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილით. თუ სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე არჩეული არ არის ან წარდგენილია სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, სხდომას თავმჯდომარეობს სასამართლოს ის უხუცესი წევრი, რომელიც არ არის ხსენებულ თანამდებობაზე წარდგენილი.

6. კანდიდატურების წარდგენის შემდეგ სიტყვა ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს/კანდიდატებს. მოსამართლეებს შეუძლიათ დაუსვან კანდიდატს შეკითხვები, ასევე მოკლე სიტყვით მიმართონ სხდომას. (მე-4-მე-6 პუნქტებში ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის 102/1 დადგენილებით)

7. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კენჭისყრის ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს, რომელსაც სხდომა ამტკიცებს სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცებული ფორმის ბიულეტენი მზადდება სხდომის მონაწილე მოსამართლეთა ოდენობით.

8. ბიულეტენის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით ლუქავს საარჩევნო ურნას და იწყებს კენჭისყრის მონაწილეთათვის ბიულეტენების გადაცემას.

9. ბიულეტენი სხდომის მონაწილე მოსამართლეებს გადაეცემა მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით. ბიულეტენის გადაცემისას სხდომის თავმჯდომარე სვამს საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედს, აწერს ხელს ბიულეტენის მეორე მხარეზე და უხსნის მოსამართლეს ბიულეტენის შევსების წესს. ხმას ბოლოს აძლევს სხდომის თავმჯდომარე.

10. კენჭისყრა ფარულია. ბიულეტენის მიღების შემდეგ მოსამართლე ავსებს მას ამისათვის ცალკე გამოყოფილ ოთახში ან კაბინაში, სადაც აკრძალულია სხვა პირთა ყოფნა და შექმნილია კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის პირობები. შევსებულ ბიულეტენს გაკეცილ მდგომარეობაში მოსამართლე ჩაუშვებს საარჩევნო ურნაში.

11. კენჭისყრის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით ხსნის საარჩევნო ურნას, ამოწმებს ბიულეტენების ნამდვილობას და ითვლის ხმებს, რის შემდეგ ადგენს კენჭისყრის ოქმს.

12. კენჭისყრის ოქმში აღინიშნება:

ა) თანამდებობა, რომლის დასაკავებლადაც ჩატარდა არჩევნები;

ბ) კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) მონაცემები კანდიდატის შესახებ;

დ) გაცემული ბიულეტენების რაოდენობა;

ე) საარჩევნო ურნაში არსებული ბიულეტენების რაოდენობა;

ვ) ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) კანდიდატის/კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N 102/1 დადგენილებით.)

თ) კენჭისყრის შედეგები.

13. კენჭისყრის ოქმს სხდომა ამტკიცებს, სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცების შემდეგ ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა მოსამართლე.

14. თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულად. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N102/1 დადგენილებით.)

141 თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს (კანდიდატებს).(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის13 ოქტომბრის N 102 /1 დადგენილებით.)

14. თუ კანდიდატმა მიიღო მოსამართლეთა ხუთი ან მეტი ხმა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულად.

15. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო მოსამართლეთა ხმების საჭირო ოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანდიდატი არ არის არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით მოიწვევა და იმართება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სხდომა. (მე-15-მე-16 პუნქტებში ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N102/1 დადგენილებით.)

17. ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომის ოქმს ადგენს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს და ინახება არქივში. სხდომის ოქმს დაერთვის დალუქულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენები და კენჭისყრის ოქმი. (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისისN64 დადგენილებით.)

 

მუხლი 3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთა არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის “საქა-რთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს დახურული სხდომა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ხსნის სხდომას და წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებზე შესაბამისად ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6--მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.

 

მუხლი 4. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის (შემდგომში - პლენუმი) სხდომას და წარუდგენს მას საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურას.(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N 102/1 დადგენილებით.)

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევნებზე შესაბამისად ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.

 

მუხლი 5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;

ბ) იწვევს პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, აკეთებს საჯარო განცხადებებს საკო-ნსტიტუციო სასამართლოს სახელით;

გ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შინაგანაწესს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისიის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოადგინონ საკონსტიტუციო სასამართლო მესამე პირებთან ურთიერთობებში. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 6 ივნისის N 14/1 დადგენილებით.)

დ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს--ბრძანებებს და განკარგულებებს.

მუხლი 6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება შესაბამისი კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის ცალკეულ ფუნქციებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი -- უხუცესი მოადგილე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დავალება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შესრულებისას ან სხვა გარემოებათა გამო ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის (შემდგომში _ კოლეგია) უხუცესი მოსამართლე.

 

მუხლი 7. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის უფლებამოსილებანი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილებათა გარდა, ახორციელებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევამდე, ან მდივნის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით დროებით ასრულებს ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც იმავდროულად არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმს წარუდგენს წინადადებას მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის დროებით შესრულების ვადა ერთი და იმავე პირის მიერ არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 6 თვეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე --პლენუმის დადგენილებით.

თავი III
პლენუმი

მუხლი 8. პლენუმის სხდომა, რომელიც არ უკავშირდება საქმის განხილვას (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

1. პლენუმის მორიგი სხდომა მოიწვევა როგორც წესი სამ თვეში ერთხელ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საჭიროებისამებრ მოიწვიოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა.

2. პლენუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სულ ცოტა 6 მოსამართლე.

3. პლენუმის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. პლენუმის სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით შეიძლება დაესწრონ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეები.

4. პლენუმის სხდომამდე, როგორც წესი ორი დღით ადრე საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს სხდომის მონაწილეების გაფრთხილებას და სხდომის მასალების დარიგებას.

5. პლენუმის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

6. მოსამართლე უფლებამოსილია მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. საკითხი დღის წესრიგში შეიტანება და განიხილება, თუ ამას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

7. პლენუმის სხდომის შესახებ დგება პლენუმის სხდომის ოქმი. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმში აღინიშნება:

ა) სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ბ) სხდომის მონაწილეთა ვინაობა;

გ) სხდომის მდივანი;

დ) სხდომის დღის წესრიგი;

ე) სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

8. პლენუმის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი და საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი.

9. პლენუმის სხდომიდან ორი დღის განმავლობაში საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს სხდომის ოქმის ასლის გადაცემას ყველა მოსამართლისათვის და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებმაც მიიღეს დავალებები. ოქმი ინახება არქივში.

 

მუხლი 9. პლენუმის უფლებამოსილებანი

პლენუმი:

ა) განიხილავს კანონმდებლობით მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულებას, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;

გ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯთაღრიცხვას;

დ) მოისმენს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ანგარიშს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ; (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

ე) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს მივლინებათა გეგმას;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 10. პლენუმის აქტები

1. საქმის განხილვისას პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას, დასკვნას, განჩინებას და საოქმო ჩანაწერს. პლენუმის აქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, მიიღება დადგენილების სახით.

2. პლენუმის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

3. პლენუმის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების მიღების დრო და ადგილი;

ბ) დადგენილების ნომერი;

გ) დადგენილების სათაური;

დ) დადგენილების შინაარსი, რომელიც შეიძლება დაიყოს არაბული ციფრებით დანომრილ პუნქტებად და ანბანურად დანომრილ ქვეპუნქტებად;

ე) დადგენილების ძალაში შესვლის დრო.

4. პლენუმის დადგენილებას ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.

5. პლენუმის დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე, თუ მასში არ არის მითითებული ძალაში შესვლის სხვა თარიღი.

6. პლენუმის სხდომიდან ორი დღის ვადაში საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს პლენუმზე მიღებული დადგენილების ასლის გადაცემას ყველა მოსამართლისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტისა და შემდგომში არქივისათვის (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის #64 დადგენილებით)

თავი IV
კოლეგიები

მუხლი 11. კოლეგიების პერსონალური შემადგენლობის ფორმირების წესი

1. კოლეგიების პერსონალური შემადგენლობის ფორმირებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში იწვევს პლენუმის სხდომას.

2. პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიათა პერსონალურ შემადგენლობას. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებულ ორ მოსამართლეზე მეტი.

3. კოლეგიების შემადგენლობა მტკიცდება ღია კენჭისყრით.

4. კოლეგიების შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

5. თუ პლენუმი არ დაამტკიცებს კოლეგიების შემადგენლობას, საკონსტიტუციო სა-სამართლოს თავმჯდომარე 2 დღის განმავლობაში იწვევს პლენუმის სხდომას და წარუდგენს მას კოლეგიების იგივე ან სხვა შემადგენლობას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ფორმდება პლენუმის დადგენილების სახით.

 

მუხლი 111. კოლეგიის შემადგენლობის გადახალისების წესი (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

1. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლის შემთხვევაში.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა არანაკლებ ორი წევრით შეცვლიდან ერთი თვის ვადაში მოიწვიოს პლენუმის სხდომა, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს გადახალისებული კოლეგიების პერსონალურ შემადგენლობას.

4. პლენუმის მიერ გადახალისებული კოლეგიების შემადგენლობის დამტკიცება ხდება ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 -- მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

5. გადახალისებული კოლეგიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება პლენუმის დადგენილების სახით.

 

მუხლი 12. კოლეგიის აქტები

საქმის განხილვისას კოლეგია იღებს საოქმო ჩანაწერს, განჩინებას და გადაწყვეტილებას.

თავი V
საკონსტიტუციო სასამართლოს კომისია და სამუშაო ჯგუფი. მოსამართლეთა სამუშაო თათბირი

(ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

მუხლი 13. საკონსტიტუციო სასამართლოს კომისია და სამუშაო ჯგუფი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება სამა-რთლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური, ორგანიზაციული, საინფორმაციო და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომზადების მიზნით.

2. კომისიას ქმნის პლენუმი დადგენილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თა-ვმჯდომარის ან არანაკლებ ორი მოსამართლის ინიციატივით. დადგენილებით განისაზღვრება კომისიის სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - კომისიის საქმიანობის წესი.

3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მოსამართლეები და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოსამსახურეები. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება მოსამართლე.

4. კომისიის მუშაობისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები და საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის წესი განისაზღვრება პლენუმის დადგენილებით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ.

 

მუხლი 14. საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია

1. საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით ამ რეგლამენტის მე-17 ---22-ე მუხლებით გათვალისწინებული საკითხების წინასწარ შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის პლენუმისათვის წარსადგენად.

2. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებული თითო მოსამართლე. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე (მე-2 პუნქტში ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 დეკემბრის N 105/2 დადგენილებით).

3. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ კომისიის წევრები კომისიის შემადგენლობიდან.

4. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობა განახლდება ყოვე-ლწლიურად, დეკემბრის თვეში, არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. თუ კომისიის განსახილველი საკითხი შეეხება კომისიის წევრს ან მოხდა კომისიის წევრის აცილება ან თვითგანრიდება კონკრეტული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ, საკითხის განხილვის დამთავრებამდე, ბრძანებით შეაჩერებს მის წევრობას კომისიაში და შესაბამისი საკითხის განხილვის ვადით დანიშნავს კომისიის სხვა წევრს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც. კომისიის დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კომისიის წევრთა უმრავლესობა.

მუხლი 15. საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო

ამოღებულია.

(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

მუხლი 16. მოსამართლეთა სამუშაო თათბირი

1. მიმდინარე საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური, ორგანიზაციული, საინფორმაციო და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ოპერატიული განხილვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მოსამართლის წინადადებით მოიწვევს მოსამართლეთა სამუშაო თათბირს.

2. მოსამართლეთა სამუშაო თათბირს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით შეიძლება ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოსამსახურეები.

3. მოსამართლეთა სამუშაო თათბირის ოქმს ადგენს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. თათბირის ოქმს ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

თავიVI
მოსამართლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის წესი

მუხლი 17. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობასთან დაკავშირებით მიმართვის განხილვა

1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) მოიწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს და მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიმართვის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში;

ბ) დაუყოვნებლივ გადასცემს მიმართვას და თანდართულ მასალებს წინასწარი შე-სწავლისათვის დანარჩენ მოსამართლეებს;

გ) დაუყოვნებლივ გადასცემს მიმართვას და თანდართულ მასალებს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას, რომელიც გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს საკითხს და იღებს დასკვნას მიმართვასთან დაკავშირებით.

2. თუ მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

3. მიმართვა განიხილება პლენუმის დახურულ სხდომაზე. პლენუმზე ხდება მიმართვის შემტანი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის, მოსამართლის, რომელსაც შეეხება მიმართვა და ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ან ინფორმაციის (თუ კომისიამ ვერ მიიღო დასკვნა) მოსმენა.

4. პლენუმი ფარული კენჭისყრით წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის შესახებ დადგენილების მიღების საკითხს. დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულმა დადგენილებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ფორმდება დადგენილება მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკაზე უარის შესახებ.

6. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ დადგენილებით შეჩერდება მოსამართლის უფლებამოსილება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 18. საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი მოსამართლის დანაშაულზე წასწრებისას დაკავების შემთხვევაში

1. მოსამართლის დანაშაულზე წასწრებისას დაკავების შემთხვევაში მის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისად გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დანაშაულზე წასწრების შესახებ შესაბამისი ცნობის მიღებისთანავე მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს დაკავებული პირის პლენუმზე დასწრების უზრუნველყოფის მოთხოვნით.

თავი VII
მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

მუხლი 19. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოვალეობის შეუსრულებლობის გამო

1. თუ მოსამართლე ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს თავის მოვალეობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) დაუყოვნებლივ იწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან 15 დღის ვადაში;

ბ) საკითხის შესასწავლად და დასკვნის წარდგენისათვის 3 დღის ვადაში გადასცემს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას.

2. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია 10 დღის ვადაში შეისწავლის საკითხს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს სამედიცინო დასკვნისა და სხვა დამატებითი მასალის წარდგენას და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს შესაბამის დასკვნას.

3. მოვალეობის შეუსრულებლობის გამო მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება პლენუმის დახურულ სხდომაზე. სხდომაზე მოისმინება ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნა ან ინფორმაცია (თუ კომისიამ დასკვნა ვერ მიიღო) და იმ მოსამართლის აზრი, რომლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც განიხილება, თუ იგი ესწრება პლენუმის სხდომას.

4. პლენუმი ფარული კენჭისყრით წყვეტს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების საკითხს. დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პლენუმის სხდომის მოწვევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში პლენუმმა დადგენილება არ მიიღო, დადასტურებულად ჩაითვლება მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არარსებობა. დაუშვებელია ამავე საფუძვლით მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით აღძვრა. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 6 ივნისის N 14/1 დადგენილებით.)

 

მუხლი 20. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან კანონით აკრძალული საქმიანობის გამო

1. თუ მოსამართლე მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებიდან ან კანონით აკრძალული საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში არ გადადგება მოსამართლის თანამდებობიდან ან არ დატოვებს შეუთავსებელ თანამდებობას ან არ შეწყვეტს შეუთავსებელ საქმიანობას, ხოლო ახალარჩეული მოსამართლე ფიცის დადების დღეს კადრების განყოფილებას არ წარუდგენს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით აკრძალული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ მიმართავს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას საკითხის შესწავლისა და დასკვნის წარდგენის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამავე დროს იწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან 10 დღის ვადაში.

2. თუ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამა-რთლოს თავმჯდომარეს შეეხება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

3. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს თა-ვმჯდომარის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შეისწავლის საკითხს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს დამატებითი მასალის წარდგენას და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს შესაბამის დასკვნას.

4. მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან კანონით აკრძალული საქმიანობის გამო მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის პლენუმის სხდომაზე განხილვა-გადაწყვეტისას შესაბამისად გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.

 

მუხლი 21. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის ან მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიციის გამჟღავნების გამო

1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის ან კენჭისყრისას დაკავებული მოსამართლის პოზიციის გამჟღავნების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ მიმართავს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამავე დროს იწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან 15 დღის ვადაში. შესაბამისად მოქმედებს ამ რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

2. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს თა-ვმჯდომარის მიმართვიდან 10 დღის ვადაში შეისწავლის საკითხს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს დამატებითი მასალის წარდგენას და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს შესაბამის დასკვნას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის ან მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიციის გამჟღავნების გამო მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის პლენუმის სხდომაზე განხილვა-გადაწყვეტისას შესაბამისად გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.

მუხლი 22. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო

მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას შესაბამისად გამოიყენება ამ რეგლამენტის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

მუხლი 23. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო

1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან 5 დღის ვადაში.

2. პლენუმის დახურულ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარე წარადგენს მოსამართლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელ საბუთებს. პლენუმი ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და ღია კენჭისყრით, დამსწრე მოსამართლეთა ხმათა უმრავლესობით ადასტურებს მოსამართლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დადასტურებიდან ერთი დღის ვადაში გამოსცემს განკარგულებას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

4. თუ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

მუხლი 24. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა შე-მთხვევები

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” - ”ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქმედებს ამ რეგლამენტის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

თავი VIII
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური წარდგინების შეტანის, რეგისტრაციისა და განაწილების წესი. მომხსენებელი მოსამართლისა და განმწესრიგებელი სხდომის თარიღის დანიშვნა

მუხლი 25. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების შეტანისა და რეგისტრაციის წესი (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

1. კონსტიტუციური სარჩელი (შემდგომში სარჩელი) ან კონსტიტუციური წარდგინება (შემდგომში წარდგინება) იწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმების მიხედვით, რომლებიც ამ რეგლამენტს თან ერთვის დანართის სახით. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით)

2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება ბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.

3. სარჩელს, გარდა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებისა, შეიძლება დაერთოს:

ა) წერილობითი განცხადება თარჯიმნის გამოყოფის თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას;

ბ) ამოღებულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2008 წლის 29 ოქტომბრის N69/1 დადგენილებით.)

4. ამოღებულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2008 წლის 29 ოქტომბრისN69/1 დადგენილებით.)

5. საორგანიზაციო სამსახურის უფროსი სარჩელის/წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისთანავე აცნობებს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურში სარჩელის/წარდგინების შეტანიდან ერთი დღის ვადაში ხდება წარდგენილი მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმება. თუ შემოწმების შედეგად ფორმალური უზუსტობები არ იქნა აღმოჩენილი, საორგანიზაციო სამსახური არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს.

7. არაარსებითი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურის უფროსი ერთი დღის ვადაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს მოხსენებითი ბარათით. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი მოხსენებით ბარათს ადებს რეზოლუციას, სადაც მიუთითებს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე თანხმობისა და მოსარჩელის, წარდგინების ავტორისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის უზუსტობის გასასწორებლად 15 დღიანი ვადის მიცემის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობისთანავე საორგანიზაციო სამსახური არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და აფრთხილებს მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს წარდგენილ მასალაში არსებული ფორმალური უზუსტობების, მათი აღმოფხვრის აუცილებლობისა და აღმოუფხვრელობის შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც ისინი ადასტურებენ ჟურნალში ხელმოწერით.

8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ფორმალური უზუსტობა არ გამოსწორდა, საორგანიზაციო სამსახური აუქმებს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციას, აკეთებს ამის შესახებ აღნიშვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს.

9. სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე უარის თქმიდან 3 დღის ვადაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც მიმართვიდან 3 დღის ვადაში წყვეტს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციის საკითხს. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი დადებითად გადაწყვეტს რეგისტრაციის საკითხს, საორგანიზაციო სამსახური არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

10. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

(ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლისN76/2 დადგენილებით.)

 

მუხლი 26. რეგისტრირებული სარჩელის/წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის გადაცემა და განაწილება. (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

1. რეგისტრირებულ სარჩელს/წარდგინებას თანდართულ მასალებთან ერთად საორგანიზაციო სამსახურის უფროსი სამი დღის ვადაში წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში, სარჩელს/წარდგინებას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად რეზოლუციით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას. თუ საქმე პლენუმის განსჯადია იმავე ვადაში ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს.(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N 102/1 დადგენილებით.)

3. კოლეგიებისათვის საქმეთა განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იცავს რა კოლეგიებს შორის საქმეთა თანაბრად განაწილების პრინციპს, ითვალისწინებს კოლეგიების დატვირთვას, მათ წარმოებაში არსებული საქმეების სირთულესა და მოცულობას.

31 თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი, კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით.)

4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციის შემდეგ სარჩელი/წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საორგანიზაციო სამსახურს, აღირიცხება განაწილებული სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და თანდართული მასალითურთ გადაეცემა შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს ან მომხსენებელ მოსამართლეს (თუ საქმე პლენუმის განსჯადია) და საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეებს.

5. სარჩელის/წარდგინების და თანდართული მასალის ასლი ასევე გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს.

6. განაწილებული სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 261 საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გამო საქმის პლენუმისათვის განსახილველად გადაცემის წესი (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით.)

1. 26-ე მუხლის 31 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის ან განხილვაზე უარის თქმის საკითხს და, შესაბამისად, იღებს საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.

2 იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დადებითად გადაწყვეტს თავმჯდომარის წარდგინებით საქმის პლენუმზე არსებითად განხილვის საკითხს, აღნიშნულის თაობაზე გამოტანილი საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 7 დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, შესაბამისი რეზოლუციით, ნიშნავს საქმის პლენუმის არსებით სხდომაზე განხილვის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს.

3. პლენუმის მიერ 26-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონისა და `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პლენუმის მიერ საქმის განხილვის საერთო წესები.

4. 26-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული საქმეების არსებითი განხილვის დაწყებიდან ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვა და განხილვის ვადის დინება. ამ რეგლამენტის 26-ე მუხლის 3 1 პუნქტში აღნიშნული საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს მისი პლენუმზე არსებითად განხილვის დაწყებიდან.

 

მუხლი 27. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის თარიღისა და მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნა (ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

1. კოლეგიის თავმჯდომარე სარჩელის გადაცემიდან ხუთი დღის ვადაში რეზოლუციით ნიშნავს განმწესრიგებელი სხდომის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს.

2. იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა, კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს კოლეგია წყვეტს მოსამზადებელ სხდომაზე. განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რაც ეცნობება მხარეებს. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2008 წლის 29 ოქტომბრის N69/1 დადგენილებით.)

4.ამოღებულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2008 წლის 29 ოქტომბრის N69/1 დადგენილებით.)

5. ამ მუხლის მე-2_მე-4 პუნქტები ვრცელდება პლენუმის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის დროს.

 

მუხლი 271. მხარეთა მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

(დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

1. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/წარდგინებასთან ერთად, ან კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მოსარჩელის მიერ მიღებიდან 10 დღეში. საორგანიზაციო სამსახური მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.

2. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საორგანიზაციო სამსახური მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოსარჩელეს.

3. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე მოპასუხის მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მუხლი 272 მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის წესი (მუხლი დაემატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N108/1 დადგენილებით.)

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების განაწილების შემდეგ მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემა კოლეგიის/პლენუმის საქმეებზე მომხსენებლად შეარჩევს სასამართლოს წევრს ანბანური თანმიმდევრობით.

2. ავტომატური სისტემის მიერ კანდიდატის შერჩევის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო, თუ საქმე კოლეგიის განსჯადია - შესაბამისის კოლეგიის თავმჯდომარე, იღებს რეზოლუციას შერჩეული პირის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ და გადასცემს მას საქმეს.

3. პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მომხსენებლად დანიშნოს პროგრამის მიერ შეთავაზებული წევრისგან განსხვავებული წევრი იმ შემთხვევაში, თუ: მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის/კოლეგიისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი და მიზანშეწონილია ხსენებულ სარჩელებზე მომხსენებლად ერთი და იმავე პირის დანიშვნა.

4. მომხსენებელი მოსამართლე შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა. შეიცვალა საქმის განხილვაში მონაწილე ის წევრი, რომელიც დანიშნული იყო მომხსენებელ მოსამართლედ.

ბ. პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით მოხდა სხვადასხვა საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება და მათზე მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული იყვნენ სასამართლოს სხვადასხვა წევრები. ასეთ შემთხვევაში ერთ საქმედ გაერთიანებულ ყველა კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ინიშნება ის წევრი, რომელიც იყო მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული ყველაზე ადრე რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე იღებს დასაბუთებულ რეზოლუციას.

მუხლი 28. შეტყობინება განმწესრიგებელი სხდომის თარიღის თაობაზე (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

განმწესრიგებელი სხდომის თარიღი მისი დანიშვნისთანავე ეცნობება საორგანიზაციო სამსახურს. ამ რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ საოქმო ჩანაწერს საორგანიზაციო სამსახური 3 დღის ვადაში უგზავნის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს და ზეპირი მოსმენის გამართვის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ მოწვევას განმწესრიგებელ სხდომაზე.

თავი VIII1
“სასამართლოს მეგობრის”ინსტიტუტი

(თავი დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით)

მუხლი 281 `სასამართლოს მეგობრის~ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის წესები.

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი წერილობითი მოსაზრებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

4. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.

თავი IX
სარჩელის და წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა

მუხლი 29. განმწესრიგებელი სხდომა (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N 64 დადგენილებით.)

1. სხდომის თავმჯდომარე:

ა) გახსნის განმწესრიგებელ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება;

ბ) ამოწმებს მოსამართლეთა ქვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;

გ) ზეპირი მოსმენის შემთხვევაში ამოწმებს სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის, წარდგინების ავტორის, მათი წარმომადგენლის ან ინტერესების დამცველის უფლებამოსილებას;

დ) ზეპირი მოსმენის შემთხვევაში აცხადებს სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივნის ვინაობას;

ე) აცხადებს სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის დაწყებას.

2. სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. მომხსენებელი:

ა) მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის/წარდგინების არსის თაობაზე;

ბ) უპასუხებს მოსამართლეთა შეკითხვებს.

3. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში, მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის, წარდგინების ავტორის, მოპასუხის, მათი წარმომადგენლების ან ინტერესების დამცველის განმარტებას “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლში აღნიშნულ საკითხებზე და აძლევს მათ შეკითხვებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გამწესრიგებელ სხდომას დასრულებულად და სასამართლო გადის სათათბირო ოთახში.

 

მუხლი 30. საოქმო ჩანაწერის/განჩინების მიღების წესი

1. სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს პლენუმი/კოლეგია წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2. საოქმო ჩანაწერი/განჩინება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. თუ ხმები თანაბრად გაიყო, საოქმო ჩანაწერი/განჩინება მიღებულად არ ითვლება.

3. მომხსენებელი მოსამართლე წარუდგენს პლენუმს/კოლეგიას საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს. განხილვის მონაწილე მოსამართლე უფლებამოსილია კენჭისყრაზე დააყენოს წინადადება საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ. წინადადებით გათვალისწინებულ თითოეულ ცვლილებას/დამატებას კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. ცვლილება/დამატება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტმა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, კენჭი ეყრება მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარდგენილი საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს (მიღებული ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით).

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოქმო ჩანაწერის პროექტს მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა საკმარისმა რაოდენობამ, ის მოსამართლეები, რომლებმაც პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ადგენენ განჩინებას კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ.

6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განჩინების პროექტს მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა საჭირო რაოდენობამ, ის მოსამართლეები, რომლებმაც პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ადგენენ საოქმო ჩანაწერს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ.

7. დაუშვებელია საოქმო ჩანაწერის/განჩინების ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ იქნეს მითითებული ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისა თუ კენჭისყრის მიმდინარეობისა და შედეგების ან მოსამართლეთა მიერ სათათბირო ოთახში გამოთქმული მოსაზრებების ან დაკავებული პოზიციის შესახებ.

 

მუხლი 31. საოქმო ჩანაწერის/განჩინების ხელმოწერა და გამოცხადება

1. საოქმო ჩანაწერის/განჩინების ხელმოწერის პროცედურა იმართება სათათბირო ოთახში.

2. პლენუმის მიერ მიღებულ საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე (კოლეგიის მიერ მიღებულ საოქმო ჩანაწერს/განჩინებას - კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე) და შემდეგ საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე ანბანური რიგითობის მიხედვით კენჭისყრისას მათ მიერ დაკავებული პოზიციის მიუხედავად.

3. საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერისა, მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N102/1 დადგენილებით)

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის შედეგად, ხელმოწერის შემდეგ ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.

5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ამ შემთხვევაში საოქმო ჩანაწერის/განჩინების სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N102/1 დადგენილებით. )

 

მუხლი 32. საოქმო ჩანაწერის გამოტანის შემდგომი პროცედურები, საქმის არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნა (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

1. საოქმო ჩანაწერის გამოცხადების შემდეგ საოქმო ჩანაწერი და განმწესრიგებელი სხდომის ყველა მასალა დაუყოვნებლივ გადაეცემა საორგანიზაციო სამსახურს. საორგანიზაციო სამსახური:

ა) დაუყოვნებლივ არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას, რომელსაც შეეხება საოქმო ჩანაწერი, არსებითად განსახილველი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში;

ბ) 3 დღის ვადაში გადასცემს საოქმო ჩანაწერის ასლს საქმის განხილვის მონაწილე ყველა მოსამართლეს, ასევე სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს;

გ) 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს მხარეების შეტყობინებას სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე და უგზავნის მათ საოქმო ჩანაწერის ასლს;

დ) უზრუნველყოფს საოქმო ჩანაწერისა და განმწესრიგებელი სხდომის მასალების შენახვას არქივში და მათ აღრიცხვას არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალში.

2. არსებითად განსახილველი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალის, ასევე არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 33. განჩინების გამოტანის შემდგომი პროცედურები

1. სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ, ასევე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე განჩინების გამოტანის შემთხვევებში წყდება სამართალწარმოება ამ სარჩელზე/წარდგინებაზე”. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2005 წლის 14 იანვრის N51/1 დადგენილებით).

2. განჩინების გამოტანის შემდეგ განჩინება და განმწესრიგებელი სხდომის ყველა მასალა დაუყოვნებლივ გადაეცემა საორგანიზაციო სამსახურს. საორგანიზაციო სამსახური:

ა) დაუყოვნებლივ აღრიცხავს სარჩელს/წარდგინებას, რომელსაც შეეხება განჩინება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტის ჟურნალში;

ბ) 3 დღის ვადაში გადასცემს განჩინების ასლს საქმის განხილვის მონაწილე ყველა მოსამართლეს, ასევე სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს;

გ) უზრუნველყოფს განჩინებისა და განმწესრიგებელი სხდომის მასალების შენახვას არქივში და მათ აღრიცხვას არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალში.

დ) 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს მხარეების შეტყობინებას სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის თაობაზე და უგზავნის განჩინების ასლს. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

თავი X
საქმის არსებითად განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები

მუხლი 34. საქმის მომზადება არსებითად განხილვისათვის

1. მომხსენებლი მოსამართლე ამზადებს საქმეს არსებითად განხილვისათვის, რისთვისაც:

ა) საჭიროების შემთხვევაში, გამოჰკითხავს მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს სარჩელში/წარდგინებაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნათა არსის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებას აძლევს მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებანი;

გ) საჭიროების შემთხვევაში გამოჰკითხავს მოპასუხეს საქმის გარემოებებს, წინადა-დებას აძლევს მას წარმოადგინოს წერილობითი განმარტება;

დ) არკვევს და წყვეტს საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე სპეციალისტის, თარჯიმნის, მოწმის მოწვევის აუცილებლობას;

ე) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს სარჩელთან/წარდგინებასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის მოთხოვნით; (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის #64 დადგენილებით)

ვ) აგვარებს საქმის არსებითად განხილვისათვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს, რისთვისაც აძლევს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს.

 

მუხლი 35. სასამართლო უწყება

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, მოწმეებს, ექსპერტებს, სპე-ციალისტებს და თარჯიმნებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ საქმის არსებითად განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების დრო და ადგილი არა უგვიანეს 3 დღისა აღნიშნული სხდომის ან საპროცესო მოქმედების ჩატარებამდე.

2. სასამართლო უწყებას ხელს აწერს მომხსენებელი მოსამართლე. უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს სახელწოდებას და ზუსტ მისამართს;

ბ) გამოცხადების ადგილისა და დროის აღნიშვნას;

გ) განსახილველი საქმის დასახელებას;

დ) სასამართლოში დაბარებული პირის ვინაობას, ასევე იმის აღნიშვნას, თუ რა სა-ხით არის იგი დაბარებული;

ე) წინადადებას საქმეში მონაწილე პირების მიმართ წარმოადგინონ საქმეზე მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ ადრესატის არყოფნისას, უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;

ვ) გამოუცხადებლობის შედეგების აღნიშვნას.

3. სასამართლო უწყებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება სარჩელის ასლი. მოსარჩელეს უწყებასთან ერთად ეგზავნება მოპასუხის წერილობითი განმარტება, თუ ასეთი შემოვიდა სასამართლოში.

4. ფიზიკურ პირებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს, როგორც წესი, პირადად თუ უწყების მიმტანმა უწყების ადრესატი ვერ იპოვა ცნობილი მისამართის მიხედვით, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან შესაბამის კომპეტენტურ პირს. ამ შემთხვევაში უწყების მიმღები პირი მოვალეა უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი ვინაობა, დამოკიდებულება სასამართლო უწყების ადრესატთან ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება პირველი შესაძლებლობისთანავე გადასცეს ადრესატს. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით)

41. მხარეების, მათი წარმომადგენლების ან ინტერესების დამცველების, აგრეთვე მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სასამართლოში დაბარება შესაძლებელია ტელეფონოგრამით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები. ტექნიკური საშუალებებით დაბარების შესახებ საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სასამართლო უწყების ჟურნალში (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის #64 დადგენილებით)

5. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო უწყების ადრესატი რომელიმე ორგანოა, უწყება ჩაბარდება ამ ორგანოს შესაბამის სამსახურს ან თანამდებობის პირს.

6. თუ სასამართლო უწყების ადრესატმა ან სხვა პირმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება საკონსტიტუციო სასამართლოს.

7. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება ჩაბარებულ უწყებაზე და მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

8. აუცილებლობის შემთხვევაში სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპე-რტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა საკონსტიტუციო სასამართლოში დაბარება შეიძლება სხვა საშუალებათა გამოყენებითაც.

9. ამ მუხლის მე-4 _ მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურას უთანაბრდება სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა ან თარჯიმანთა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადება და მომხსენებელი მოსამართლის მიერ მათი ზეპირად ინფორმირება სხდომის ან საპროცესო მოქმედების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

10. საქმეში მონაწილე პირები ან მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის გამოცვლის შესახებ.

11. უწყებების გაგზავნა, საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საშუალებებით დაბარებისა და ზეპირად ინფორმირების ორგანიზება და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება სასამართლო უწყების ჟურნალში ევალება საორგანიზაციო სამსახურს (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის #64 დადგენილებით)

12. სასამართლო უწყების ჟურნალის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 36. საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადებლობა

1. სამართალწარმოების რომელიმე მონაწილის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. თუ არ არის ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ან თუ სასამართლო გამოუცხადებლობის მიზეზს არასაპატიოდ მიიჩნევს, საქმე შეიძლება გაირჩეს გამოუცხადებელი პირის დაუსწრებლად.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად ცნობს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი პირის პროცესში მონაწილეობას, საქმის განხილვა გადაიდება.

3. სამართალწარმოების ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო გადადებს განხილვას, თუ არც ერთი მხარისაგან არ შემოვიდა განცხადება საქმის მის დაუსწრებლად განხილვის შესახებ.

4. განმეორებით დაბარებული მონაწილის/მონაწილეთა გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.

5. მოწმის, სპეციალისტის ან ექსპერტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკო-ნსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმეში მონაწილეთა აზრს ამ პირთა დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის თაობაზე და ადგილზე მოთათბირებით წყვეტს საკითხს განხილვის გაგრძელების ან საქმის განხილვის გადადების შესახებ. განმეორებით დაბარებული მოწმის, სპეციალისტის ან ექსპერტის გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.

 

მუხლი 37. აცილების საკითხის გადაწყვეტა

1. მხარის განცხადება მოსამართლის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და გაკეთდეს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე. აცილების საკითხის შემდგომი დაყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ.

2. აცილების საკითხის დაყენების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოუ-სმენს მეორე მხარეს და იმ პირს, რომლის აცილების საკითხიც არის დასმული, თუ მას სურს მისცეს განმარტება.

3. აცილების მიღების ან უარყოფის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო-აქვს დასაბუთებული განჩინება.

4. თუ მოსამართლის აცილების შემთხვევაში საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა ორ წევრამდე შემცირდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს არსებითი განხილვისათვის რეზოლუციით დაუყოვნებლივ გადასცემს მეორე კოლეგიას. საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს იმ კოლეგიის წევრებისათვის, რომელსაც გადაეცა საქმე, საქმის მასალების დაუყოვნებლივ მიწოდებას. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

მუხლი 38. სასარჩელო მოთხოვნის შემცირება, უარი სასარჩელო მოთხოვნაზე (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისისN64 დადგენილებით.)

1. მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე.

2. სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში და საქმის წარმოება გრძელდება შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

3. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო ნორმატიული აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3, მე-31 პუნქტებით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება წყდება განჩინებით.

 

მუხლი 39. საქმის შეწყვეტა

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა ხდება “საკონსტიტუციო სამა-რთალწამოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოში “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის შეწყვეტის დროს საორგანიზაციო სამსახური:

ა) დაუყოვნებლივ აღრიცხავს სარჩელს/წარდგინებას, რომელზედაც შეწყდა საქმე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტის ჟურნალში;

ბ) უზრუნველყოფს საქმის მასალების შენახვას არქივში და მათ აღრიცხვას არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალში.

(ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

მუხლი 40. გადაწყვეტილებისა და დასკვნის მიღების, ხელმოწერის, გამოცხადების, აღრიცხვისა და გამოქვეყნების წესი (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N 76/2 დადგენილებით.)

1. გადაწყვეტილების/დასკვნის მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადებისას შესაბამისად მოქმედებს ამ რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული წესი.

2. გადაწყვეტილება/დასკვნა, საქმის მასალებთან ერთად, გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში გადაეცემა საორგანიზაციო სამსახურს. საორგანიზაციო სამსახური მასალების გადაცემიდან 1 დღის ვადაში:

ა) აღრიცხავს გადაწყვეტილებას/დასკვნას გადაწყვეტილებებისა და დასკვნების ჟურნალში რომლის ფორმასაც შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) გადასცემს გადაწყვეტილების/დასკვნის ასლს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს;

გ) უგზავნის გადაწყვეტილების ასლს მხარეებს, ხოლო დასკვნის ასლს - კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს.” (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

3. გადაწყვეტილების/დასკვნის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში მისი ასლი საკო-ნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ხელმოწერის შემდეგ ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. გადაწყვეტილება და დასკვნა, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ამ შემთხვევაში საოქმო ჩანაწერის/განჩინების სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნას უზრუნველყოფს სასამართლოს მდივანი. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის N102/1 დადგენილებით.)

5. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი, რომელიც დგება წერილობითი ფორმით.

51 საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს. თუ არსებობს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრის ავტორის შესაბამისი მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი უზრუნველყოფს მათ გამოქვეყნებას პრესაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად. (პუნქტი ამოღებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 13 ოქტომბრის 102/1 დადგენილებით.)

52 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ ან/და თანმხვედრ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

6. გადაწყვეტილებებისა და დასკვნების ჟურნალის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

თავი X1
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების გადაცემის წესი

( თავი დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2008 წლის 29 ოქტომბრის № 69/1 დადგენილებით.)

 

მუხლი 401. კოლეგიის მიერ პლენუმისათვის კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების გადაცემა. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით.)

1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

2. პლენუმისათვის კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად გადაცემის თაობაზე მიღებულ განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული პრაქტიკის აღწერა, კონკრეტული აქტის მითითებით და შესაბამისი, კოლეგიაში არსებული, პრაქტიკისაგან განსხვავებული დასაბუთებული სამართლებრივი პოზიცია. კოლეგიის წევრი არ არის შეზღუდული წერილობით წარმოადგინოს თავისი განსხვავებული პოზიცია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი განსხვავებული პოზიცია აისახება სასამართლოს სხდომის ოქმში.

3. კოლეგიის თავმჯდომარე საქმის პლენუმისათვის გადაცემის თაობაზე განჩინებას, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, საქმის მასალებთან ერთად გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს საქმის მასალების მოსამართლეებისათვის მიწოდებას.

4. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განხილვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კოლეგიის თავმჯდომარის მიერ განჩინების გადაცემიდან 7 დღის ვადაში, შესაბამისი რეზოლუციით, თუ საქმე არსებითად განსახილველადაა მისაღები ნიშნავს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად --არსებითი განხილვის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს.

5. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, შესაბამისი რეზოლუციით ნიშნავს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის პლენუმზე განხილვის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად --არსებითი განხილვის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. საოქმო ჩანაწერში აღნიშნული უნდა იყოს დასაბუთება, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. კოლეგიის წევრი არ არის შეზღუდული წერილობით წარმოადგინოს თავისი განსხვავებული პოზიცია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს სასამართლოს სხდომის ოქმში.

7. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დადებითად გადაწყვეტს პლენუმზე საქმის არსებითად განხილვის საკითხს, აღნიშნულის თაობაზე მიღებული საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 7 დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს არსებითი განხილვის თარიღს და მომხსენებელ მოსამართლეს.

8. პლენუმის მიერ საოქმო ჩანაწერის მიღების შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმე გადაწყვიტოს საქმის არსებითი განხილვის დაწყებიდან 6 თვის ვადაში.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმის სასამართლოს პლენუმზე არსებითად განხილვის დაწყების მომენტიდან ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვა და შესაბამისი ვადის დინება.

მუხლი 402. პლენუმის მიერ კოლეგიის მიერ გადაცემული კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განხილვა- გადაწყვეტა.

კკოლეგიის მიერ გადაცემული კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განხილვას პლენუმი აწარმოებს `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის ჳვთავით დადგენილი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესით.

თავი XI
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმი. სხვა ორგანიზაციული საკითხები

მუხლი 41. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმი დგება “საკონსტიტუციო სამართა-ლწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმი, თანდართულ მასალებთან ერთად აღირიცხება არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალში და ინახება არქივში.

3. არქივისათვის გადაცემული მასალების ჟურნალში აღირიცხება არქივისათვის გა-დაცემული ყველა მასალა.

 

მუხლი 42. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასამართლოს სხდომებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების წესი. (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2009 წლის 20 თებერვლისN72/3 დადგენილებით.)

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განმხილველ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა აფრთხილებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს სასამართლო სხდომის თარიღისა და განსახილველი საკითხის თაობაზე.

2. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომამდე მიმართავს კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელიც აღნიშნულ საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-მდივანი უზრუნველყოფს საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა წერილობით ინფორმირებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აქტის თაობაზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში.

მუხლი 43. დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე

1. პირი, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე დასწრების სურვილი, დაიშვება სხდომის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ან შესვენებებისას.

2. იმ პირთა სიას, რომლებიც იცავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და დაიშვებიან სასამართლოს სხდომაზე შეიარაღებულნი, ყოველწლიურად ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და გასცემს მათზე სასამართლო სხდომაზე შეიარაღებული დასწრების უფლების დამადასტურებელ საბუთს.

 

მუხლი 44. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ჩატარებისა და სხდომის მონაწილეთა ქცევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში საქმის განმხილველი საკო-ნსტიტუციო სასამართლოს შემოსვლისას და გასვლისას დარბაზში მყოფი პირები წამოდგებიან.

2. სამართალწარმოების მონაწილე, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი სი-ტყვით გამოდის, შეკითხვებს სვამს და პასუხობს ფეხზე დგომით (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას) და სხდომის თავმჯდომარის მიერ სიტყვის მიცემის შემდეგ.

3. გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება და მოისმინება ფეხზე დგომით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის (მოსამართლისათვის) მიმართვის შემთხვე-ვაში გამოიყენება ოფიციალური მიმართვის ფორმები: “პატივცემულო სასამართლო”, “პატივცემულო მოსამართლენო”, “ბატონო მოსამართლევ”, “პატივცემულო მოსამართლე”, “ბატონო თავმჯდომარე”, “პატივცემულო თავმჯდომარე”.

5. სხდომის დარბაზში მყოფი პირები მოვალენი არიან დაემორჩილონ სხდომის თა-ვმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ იმოძრაონ დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას, ისაუბრონ, გააკეთონ რეპლიკები ან სხვაგვარად შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას.

6. სხდომის დარბაზში წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. წესრიგის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მხარე, წარმომადგენელი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი შეიძლება გაძევდეს სხდომის დარბაზიდან სასამართლოს მიერ ადგილზე მოთათბირებით მიღებული გადაწყვეტილებით, ხოლო სხდომის დარბაზში მყოფი სხვა პირი - სხდომის თავმჯდომარის მითითებით.

 

მუხლი 45. მოსამართლის მანტია

1. მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით - მანტიით.

2. მოსამართლის მანტია დამზადებულია შავი, ნახევრად აბრეშუმის ქსოვილისაგან. მანტიის სტილი თავისუფალია, გრძელი სახელოთი, საყელო-დგარი. მხრებზე მოდებულია ირიბად აჭრილი მოსასხამი, რომელიც საზედაპირესთან ერთად ჩაკერებულია ყელის განაჭერ ნაპირთან საყელოში. საყელო და მოსასხამის ბოლო გაფორმებულია ოქროსფერი ტილოს ქსოვილით. მანტია იკვრება წინა მხარეს 10 ღილზე, კალთაზე დამუშავებული მალული ღილკილოთი. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

 

მუხლი 451 საკონსტიტუციო სასამართლოს სესიები (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელთან და კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით სხდომებს, როგორც წესი, მართავს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების დროს.

2. საგაზაფხულო სესია იწყება მარტის პირველ ორშაბათს და მმთავრდება ივლისის პირველ პარასკევს.

3. საშემოდგომო სესია იწყება სექტემბრის მეორე ორშაბათს და მთავრდება დეკემბრის ბოლო პარასკევს.

4. სესიებს შორის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო ატარებს სხდომას და იღებს შესაბამის განჩინებას, გადაწყვეტილებას ან დასკვნას `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის `დ~ და `თ~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

5. სესიებს შორის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამართოს სხდომები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

თავი XII
ვადები

მუხლი 46. ვადების გამოთვლა (ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N 76/2 დადგენილებით.)

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში სარჩელის განხილვის ვადას, არა უმეტეს 2 თვით, აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

11. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა _ გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში განხილვის ვადას არაუმეტეს 1 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 28 თებერვლის N88/2 დადგენილებით. ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.)

2. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგა-ნული კანონით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დღეებით გამოსათვლელი ვადების ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე და დასვენების დღეები.

21. `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით, `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების ათვლისას არ ჩაითვლება ამ რეგლამენტის 451-ე მუხლით დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს შორის პერიოდი. (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით, `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების ათვლისას არ ჩაითვლება ვადა, როდესაც:

ა) შეუძლებელია პლენუმის/კოლეგიის მიერ საკითხის განხილვისათვის მოსამართლეთა აუცილებელი რაოდენობის შეკრება;

ბ) შეჩერებულია საქმის განხილვა `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

გ) შეჩერებულია ვადის დინება `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

4. ამ მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტებით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

5. ვადის ათვლა იწყება ვადის დასაწყისად განსაზღვრული კალენდარული დღის 24 საათიდან.

6. დღეებით გამოსათვლელი ვადა დასრულდება ვადის ბოლო დღის 24 საათზე.

7. თვეებით გამოსათვლელი ვადა დასრულდება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის რიცხვში, 24 საათზე. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის ბოლო თვეს შესაბამისი რიცხვი არ აქვს, ვადა დასრულებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ რიცხვში, 24 საათზე. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელი რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა დასრულდება მომდევნო პირველი სამუშაო დღის 24 საათზე.

 

მუხლი 47. სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელება

1. თუ კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას კოლეგია მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების აუცილებლობა, იგი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოტივირებული შუამდგომლობით. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების აუცილებლობა, ასევე მითითებული _ თუ კონკრეტულად რა ვადით უნდა მოხდეს სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელება. (ცვლილება შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2007 წლის 2 ივლისის N64 დადგენილებით.)

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების საკითხს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, სადაც მიეთითება ვადის გაგრძელების მიზეზები და მისი ხანგრძლივობა. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელებაზე უარის შესახებ.

3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გააგრძელებს სარჩელის განხილვის ვადას, კოლეგია ვალდებულია დაასრულოს განხილვა კანონით დადგენილ ვადაში.

4. თუ სარჩელს პლენუმი განიხილავს, სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების საკითხს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადებში წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად ან პლენუმის სულ ცოტა 3 წევრის მოტივირებული წინადადებით და ვადის გაგრძელების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებას სარჩელის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, სადაც მიეთითება ვადის გაგრძელების მიზეზები და მისი კონკრეტული ხანგრძლივობა.

თავი XII1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და თანამშრომელთა სოციალური გარანტიები

(თავი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 27 დეკემბრის N89/4 დადგენილებით.)

(თავი დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2009 წლის 20 თებერვლის N 72/3 დადგენილებით.)

 

მუხლი 471 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელთა დაზღვევა

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტიდან;

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

 

მუხლი 472 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დანამატების ოდენობის განსაზღვრა

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების დანამატების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით საფინანსო წლის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

 

თავი XIII
დასკვნითი დებულებები

მუხლი 48. რეგლამენტის გაუქმება, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. ამ რეგლამენტის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება პლენუმის მიერ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

2. მოსამართლე, რომელიც მოითხოვს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, შესაბამის პროექტს და განმარტებით ბარათს წარუდგენს ყველა მოსამართლეს პლენუმის სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

 

მუხლი 481 რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედება (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 22 თებერვლის N76/2 დადგენილებით)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს 2010 წლის 22 სექტემბრიდან.

 

მუხლი 49 (დამატებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 28 თებერვლის N88/2 დადგენილებით. ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.)

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 46-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებსა და კონსტიტუციურ წარდგინებებზე.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 46-ე მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოში 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებსა და კონსტიტუციურ წარდგინებებზე.